თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი ანაკლიის ახალგზარდულ ბანაკს ეწვია

თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში თსსუ-ის სტუდენტებს ესტუმრა. რექტორი ანაკლიაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან, ზვიად გაბისონიასთან ერთად ჩავიდა.

სტუდენტებთან ერთად პროფესორმა ნატროშვილმა დაათვალიერა ბანაკის ინფრასტრუქტურა და ადგილზე გაეცნო მისი მუშაობის პროცესს.

ინტერაქტიულ შეხვედრაზე თსსუ-ის რექტორმა და მინისტრის მოადგილემ სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, სტუდენტებს ის ნაბიჯები გააცნეს, რაც ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელების მხარდასაჭერადაა შემუშავებული. საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, კვლევითი ინსტიტუტების განვითარების პერსპექტივები, სამედიცინო სფეროში დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობა და სხვა.

ღონისძიების დასასრულს თსსუ-ის რექტორმა კალათბურთის ტურნირში გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბანაკში კონცერტი გაიმართა. საღამო ფერების ფესტივალითა და ფოიერვერკით გაგრძელდა.

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში თსსუ-ის 240 სტუდენტმა ოთხი დღე გაატარა – 14 აგვისტოდან 18 აგვისტომდე.