თსსუ გლობალური განათლების გამოფენაზე

თსსუ-მ მონაწილოება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორი, საერთაშორისო სტუდენტთა მომზიდავი კომპანიის "Qadri International Consultancy" მიერ ორგანიზებულ ‘’გლობალური განათლების გამოფენაზე - Expo-2025’’. გამოფენა 2025 წლის 15 აგვისტოდან 2025 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 2 ქალაქში დუბაისა და აბუ-დაბიში გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, კვიპროსის, მალაიზიის, ჩინეთის, გერმანიის და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

გლობალური განათლების გამოფენაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვისა და ჩარიცხვის განყოფილების უფროსმა მარიამ სვანიშვილმა და ამავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა სანდრო ჭადაშვილმა წარადგინეს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლების განმარტებით, თსსუ-ის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალი იყო. ღონისძიების ფარგლებში, ისინი 200-ზე მეტ აპლიკანტს გაესაუბრნენ, უპასუხეს მათ (და მათი მშობლების) შეკითხვებს და დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროგრამების, ფასების, სტუდენტური ცხოვრებისა და ასევე საქართველოში ცხოვრების პირობების შესახებ.