თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი ესტუმრა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, აშოტ სმბატიანი და მეორე მდივანი, არენ არაკელიანი. 

ელჩსა და მის თანმხლებ პირს უმასპინძლა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, კანცლერმა ალექსანდრე ბუაჩიძემ, რექტორის აპარატის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირინა კაპეტივაძემ და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ კილასონიამ.

შეხვედრის დროს სტუმრები გაეცნენ თსსუ-ში სასწავლო პროცესის მართვის მოდელსა და კლინიკურ საქმიანობას. უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დეტალურად გააცნეს აბიტურიენტთა ჩარიცხვის პროცედურები, მისაღები გამოცდების ეტაპები და ფაკულტეტების სპეციფიკა. 

ელჩმა აშოტ სმბატიანმა იმედი გამოთქვა, რომ სომეხი ეროვნების ახალგაზრდები წარმატებით გააგრძელებენ განათლების მიღებას თსსუ-ში, რაც ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას. 

მისი თქმით, უნივერსიტეტში დანერგილი ინოვაციური მიდგომები, თანამედროვე მეთოდები და საერთაშორისო სტანდარტები სტუდენტებს სრულფასოვან აკადემიურ და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. 

შეხვედრის დასასრულს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.