თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში, ქალაქ ატლანტასა და ვაშინგტონში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო ცხვედიანი, 2025 წლის 1-9 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, კერძოდ ქალაქ ატლანტასა და ქალაქ ვაშინგტონს. 

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანის მოადგილესთან, პროფესორ გორდონ ჩერჩვორდთან. თსსუ-ის დელეგაციისთვის მოეწყო ტური არტურ ბლანკის სახელობის ატლანტის ბავშვთა საავადმყოფოში, სადაც თსსუ-ის წარმომადგენლები შეხვდნენ სამედიცინო დირექტორს, პროფესორ სტეფანი ჯერნიგანს, ოფთალმოლოგიის პროფესორს რიჩარდ პარეს, ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის პროფესორს მერი ჯო ლეკოვიჩს. 

შეხვედრების დროს განიხილეს თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტების კლინიკურ სწავლებაში მონაწილეობის განახლებული პირობები და საჭირო დოკუმენტაცია, რაც აუცილებელია კლერკშიფებში მონაწილე სტუდენტების ემორის უნივერსიტეტში ვიზიტის ეფექტურად დაგეგმვაში. ამერიკელმა კოლეგებმა თსსუ-ის წარმომადგენლებს ემორის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკებში მენეჯმენტის სისტემისა და სტუდენტების სწავლების პრაქტიკის ამერიკული მოდელი გაუზიარეს. სამუშაო შეხვედრების დროს განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის უნივერსიტეტის სასწავლო გეგმების, კლინიკური ბაზებისა და სტუდენტებისა და ფაკულტეტის წევრების სასწავლო გაცვლითი პროგრამების განვითარების პერსპექტივებზე.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, 8 სექტემბერს თსსუ-ის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ქ. ვაშინგტონში აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ბიბლიოთეკის წლიურ, დაჯილდოების ცერემონიაში, სადაც დააჯილდოვეს ბიომედიცინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები ადამიანის კეთილდღეობისათვის გაწეული ღვაწლისა და მიღწევებისათვის.

აშშ ვოლტერ რიდის არმიის სამეცნიერო ინსტიტუტმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, აშშ კონგრესის სამეცნიერო ფონდისა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა ქ. ვაშინგტონის “კოსმოსის კლუბში”. ღონისძიების მიზანი იყო დამსწრე საზოგადოების ერთმანეთისთვის წარდგენა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა. შეხვედრები გაიმართა პოლკოვნიკ ელი ლოზანოსთან, პოლკოვნიკ მეთიუ შერერთან, მთავარ სამეცნიერო მრჩეველთან ლოტე ბიერრე კნუდსენთან, როკფელერის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან, სვეტლანა მოისოვთან.