თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სახელმძღვანელოს – „ნეიროქირურგია“ – პრეზენტაცია გაიმართა

2025 წლის 20 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ქართულენოვანი სახელმძღვანელოს – „ნეიროქირურგია“ – პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნის ავტორები არიან პროფესორები მირზა ხინიკაძე, ვლადიმერ წიქარიშვილი და შოთა ინგოროყვა, ასევე ავტორთა ჯგუფი. სახელმძღვანელოს ერთ-ერთი თანაავტორია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი.

600-გვერდიანი გამოცემა დამტკიცებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ როგორც დიპლომამდელი, ისე დიპლომის შემდგომი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის. იგი განკუთვნილია ახალგაზრდა ექიმებისთვის, რეზიდენტებისა და სტუდენტებისთვის.

სახელმძღვანელო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება იმ სპეციალობებისთვის, როგორიცაა ნეიროქირურგია, ნევროლოგია, რადიოლოგია, გადაუდებელი მედიცინა და ანესთეზია-რეანიმაცია.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ახალი სახელმძღვანელო მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომავალი თაობის მედიკოსთა პროფესიულ განვითარებას, ქართული სამედიცინო ლიტერატურის გამდიდრებას და სწავლების ხარისხის ამაღლებას.