სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. ტრადიციულად წელსაც, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულ თსსუ-ის სტუდენტებს პატივი მიაგო.
თსსუ-ის ეზოში, მემორიალთან, რომელზეც ასახულია ვასილ კილაძის, ილია მელაძის, გიორგი მიროტაძის, რევაზ მუმლაძისა და ნიკოლოზ ღიბრაძის სახელები, დილიდან შეიკრიბნენ სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე დაღუპული გმირების მშობლები.
თსსუ-ის სტუდენტებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, სანთლები დაანთეს და პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. მან აღნიშნა, რომ ომში დაღუპული სტუდენტების ბრძოლა საქართველოსთვის არასოდეს იქნება დავიწყებული და უნივერსიტეტი ყოველწლიურად განაგრძობს ტრადიციას - პატივი მიაგოს ომში დაღუპული სტუდენტების ხსოვნას.
„უმძიმესი დღეა დღეს საქართველოს ისტორიაში. 32 წელი შესრულდა იმ დღიდან, როდესაც ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები. განსაკუთრებულად რთულია საუბარი იმაზე, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები, სულ ახალგაზრდა ყმაწვილები წავიდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ბრძოლა და თავგანწირვა უშედეგოდ არ ჩაივლის და საქართველო ისევ იქნება ერთიანი. ჩვენ კი ვალდებულნი ვართ, ამ ადამიანების ხსოვნას მივაგოთ პატივი“, - განაცხადა პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
სიტყვით გამოვიდა, ასევე, აფხაზეთის ომის ვეტერანი და ომში დაღუპული ბიჭების შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი ზურაბ ლეშკაშელი.
„უახლეს ისტორიაში, ალბათ, ყველაზე ტრაგიკული დღეა აფხაზეთის დროებითი დაკარგვის დღე. სამედიცინო საზოგადოებისათვის ეს განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ჩვენი სტუდენტები შეეწირნენ ძმათამკვლელ ომს. მათ თეთრი ხალათები მოიხსნეს, სამხედრო ფორმები ჩაიცვეს და თბილი აუდიტორიები ბრძოლის ველზე გაცვალეს, როცა სამშობლოს დაჭირდა. ეს გმირი ბიჭები გმირი მშობლების შვილები არიან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აფხაზეთი დედა საქართველოს დაუბრუნდება.“
ომში დაღუპული სტუდენტების მშობლებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტს, პროფესორებსა და სტუდენტებს იმისთვის, რომ ყოველ წელს, 27 სექტემბერს, მემორიალთან ერთად პატივს მიაგებენ მათი შვილების ხსოვნას.
„მადლობა თსსუ-ს, რომ არ ავიწყდება ეს ბიჭები. ჩემს შვილსაც და სხვა ბიჭებსაც წასვლა იმიტომ მოუხდათ, რომ ვერ შეძლებდნენ არწასვლას. ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მძიმეა, როცა ომის ამსახველ ეპიზოდებს ხედავენ — ეს კიდევ უფრო საშინელია. ისინი დაიღუპნენ და მათთან ერთად ჩვენ, ჩვენი ოჯახებიც დაგვღუპეს. ღმერთს ვთხოვ, ომი აღარასოდეს იყოს. მადლობა“, - თქვა ნიკოლოზ ღიბრაძის დედამ, ნანა ბეგაშვილმა.
ვასილ კილაძე, ილია მელაძე, გიორგი მიროტაძე, რევაზ მუმლაძე, ნიკოლოზ ღიბრაძე - ეს სახელები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ყოველთვის ემახსოვრება.