თსსუ-ის პროფესორი ნანა მებონია ბარსელონაში კიბოს კონტროლის საერთაშორისო კონფერენციაზე

საქართველოში კიბოს მართვის არსებული მიღწევები და გამოწვევები - ეს იყო მთავარი თემა, რაც  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატიკის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნანა მებონიამ გააცნო ბარსელონაში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს. ღონისძიება  ორგანიზაციამ „ქალაქი კიბოს წინააღმდეგ“ კატალონიის მთავრობასთან თანამშრომლობით გამართა. 

საერთაშორისო კონფერენციის მიზანია ონკოლოგიური დაავადებების მართვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და ჯანდაცვის განვითარების მხარდაჭერა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის კიბოს კონტროლის საერთაშორისო თანამშრომლობის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე ბარსელონას ჯანდაცვის სისტემის ძირითადი ინსტიტუტების ექსპერტები.

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური შეხვედრები. განხილვებისა და საუბრის დროს აღინიშნა, რომ თბილისი 2019 წლის თებერვალში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, პირველი ევროპული ქალაქი გახდა, რომელიც ამ საერთაშორისო პროგრამაში ჩაერთო.

16–17 სექტემბერს კატალონიის ონკოლოგიის ინსტიტუტში გამართა სამუშაო შეხვედრები ადგილობრივ ექსპერტებთან კიბოს ადრეული გამოვლენის, სკრინინგისა და მესამეული დონის სამედიცინო დაწესებულებებში კიბოს მართვის საკითხებზე. შეხვედრებს უძღვებოდნენ კატალონიის კიბოს კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯოზეფ მარია ბორასი, სკრინინგის პროგრამების კოორდინატორი ჯოზეფ ესპინაზი და კინოს მკურნალობის ხარისხის შეფასების კოორდინატორი პაულა მანჩონ უოლში.