თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაში - „ჯეოანესთეზია 2025“ მიიღო მონაწილეობა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი და თსსუ-ის დელეგაციის წევრები სამუშაო ვიზიტით ბათუმში იმყოფებოდნენ. რიგით მე-8 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „ჯეოანესთეზია 2025“ -  ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიური თერაპიის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა. 

მულტიდისციპლინური საერთაშორისო კონფერენცია აერთიანებს ანესთეზიოლოგებს, რეანიმატოლოგებს, ტოქსიკოლოგებსა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებს. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიისა და ტკივილის მართვის აქტუალური საკითხები, თანამედროვე მიდგომები და სიახლეები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სესიები და სიმპოზიუმები, საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით.

ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 

კონფერენცია საქართველოს ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა საზოგადოების მიერ ყოველწლიურად იმართება, ტრადიციულად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.