თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის საქველმოქმედო აქცია დუშეთში

თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა, პარტნიორ კლინიკებთან ერთად,  დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის მორიგი, ენდოკრინოლოგიური და ოფთალმოლოგიური უფასო გამოკვლევები ჩაატარა.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო კარანაძე და ლაბორანტი ნინო ჯანყარაშვილი. მათ 69 ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეს და  დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარეს. 

ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასოდ  გადაეცათ 140 სათვალე და 17 გლუკომეტრი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკას - ‘’საქართველოს’’ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში 8 წლის განმავლობაში თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა და ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ - ‘’საქართველომ’’ ჯამში 34 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს. ამ პერიოდში მათ 4234 ბენეფიციარს გაუწიეს კვალიფიციური დახმარება.