თსსუ-ის უცხო ენების ცენტრი ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტთან საერთაშორისო პარტნიორობას აღრმავებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრის წარმომადგენლები — ცენტრის დირექტორი ნინო მაჭავარიანი და უფროსი სპეციალისტი თინათინ ბუბუტეიშვილი — სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამედიცინო ტერმინოლოგიისა და უცხოური ენების ინსტიტუტში, Erasmus+ STT მობილობის ფარგლებში.

ვიზიტის მთავარი მიზანი იყო თსსუ-ისა და კომენიუსის უნივერსიტეტის შორის საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, კვლევებისა და სტუდენტური ინიციატივების განვითარებას.

ამ მიზნით, თსსუ-ის წარმომადგენლები შეხვდნენ მასპინძელი ინსტიტუტის დირექტორ ტომაშ ჰამერს და აკადემიურ პერსონალს. შეხვედრებზე განხილული იყო სწავლებისა და შეფასების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, პროფესიული გამოცდილების გაზიარების გზები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ვიზიტის ფარგლებში, თსსუ-ის წარმომადგენლები დაესწრნენ ინგლისური, გერმანული და ლათინური ენების სასწავლო სესიებს, გაეცნენ მასპინძელი უნივერსიტეტის თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებსა და სწავლების ინოვაციურ მეთოდოლოგიას.

თსსუ-ის დელეგაციამ ასევე გამართა შეხვედრა ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის (პოლონეთი) უცხოური ენების ცენტრის წარმომადგენლებთან, სადაც დაიგეგმა ერთობლივი პროექტები — მათ შორის საერთაშორისო ოლიმპიადა სამედიცინო ინგლისურ ენაში, რომელშიც სამი უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.

ცნობისთვის, როგორც თსსუ-ის, ასევე კომენიუსის უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრები არიან UNIcert aks-ის წევრები — საერთაშორისო ასოციაციის, რომელიც აერთიანებს უმაღლესი სასწავლებლების უცხოური ენების სასწავლო ცენტრებს. სწორედ ამ ქსელის მხარდაჭერით ჩაიყარა საფუძველი თსსუ-ისა და კომენიუსის უნივერსიტეტის თანამშრომლობას.

ვიზიტის შედეგად დაისახა ახალი მიმართულებები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს თსსუ-ის მონაწილეობას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და შეუწყობს ხელს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას პარტნიორ უნივერსიტეტებთან.