თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიები და პრემია მიიღეს

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოთხ სტუდენტს სტიპენდიები, ხოლო ერთ სტუდენტს პრემია გადასცა.

ამ მიზნით, ფონდის დამფუძნებელი ლევან ბექაია, თანადამფუძნებელი და პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი და კომუნიკაციების მენეჯერი მარიამ ცანდიშვილი თსსუ-ში შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს, ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს.

“წლებია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ და გვჯერა, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრი, ინიციატივები და იდეები. ფონდის საქმიანობა მიზნად ისახავს სწავლის მხარდაჭერას, წარმატებული სტუდენტების წახალისებასა და მოტივაციას, განსაკუთრებით იმ მიმართულებებში, სადაც ეს მხარდაჭერა ყველაზე მეტად არის საჭირო.” - განაცხადა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დამფუძნებელმა ლევან ბექაიამ.

სტუმრებს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა მადლობა გადაუხადა ოთხწლიანი წარმატებული პარტნიორობისთვის და ხაზი გაუსვა სტუენტების წახალისების მნიშვნელობას სწავლის პროცესში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს შორის მემორანდუმი ოთხი წლის წინ გაფორმდა. ამ პერიოდის განმავლობაში ფონდს უნივერსიტეტიდან 21 სტიპენდიატი და 5 ლაურეატი ჰყავს .

ამჯერად ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ:

ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტი - საბა ბაჩალიაშვილი;

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი - ალბერტ სომხიშვილი;

საექთნო საქმის საბაკალავრო ქართულ-ავსტრიული პროგრამის სტუდენტი - სალომე კვარაცხელია;

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი - მარიამ კევლიშვილი.

ხოლო პრემია გადაეცა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტს მარიამ მათოშვილს.