თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრები SEEIS 2025-ში მონაწილეობდნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრებმა და მოწვეულმა მასწავლებლებმა (იმუნოლოგიისადა სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტები)— ნინო ჩიღვინაძემ, ქეთევან მექვაბიძემ, ლაშა ჭელიძემ, თამარ ტურიაშვილმა, ნათია გვილავამ და ქეთევან ლომიძემ  მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სკოლა-კონფერენციაში South Eastern European Immunology School 2025 (SEEIS 2025). ფორუმზე თსსუ-ის ექვსივე წარმომადგენელმა საკუთარი კვლევის შედეგები წარადგინა.

South Eastern European Immunology School (SEEIS) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური საგანმანათლებლო და სამეცნიერო პლატფორმაა იმუნოლოგიის სფეროში, რომლის მიზანი ახალგაზრდა მეცნიერების, დოქტორანტებისა და სტუდენტების პროფესიული განვითარება და მათი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებაა.

სკოლა-კონფერენცია აერთიანებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების იმუნოლოგებს, მკვლევრებსა და პროფესორებს, რაც ქმნის უნიკალურ გარემოს უახლესი სამეცნიერო ცოდნისა და კვლევითი გამოცდილების გაზიარებისთვის. წელს ფორუმზე 60 ახალგაზრდა მეცნიერი მონაწილეობდა, აქედან 6 თსსუ-დან იყო შერჩეული.

SEEIS 2025-ის პროგრამა მოიცავდა თანამედროვე იმუნოლოგიის მიღწევებზე დაფუძნებულ ლექციებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებს, რომლებიც შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა გამდინარე ციტომეტრია, მიკროსკოპია, ანტიგენზე დამოკიდებული T უჯრედები და ექსტრაცელულარული ვეზიკულები.

ღონისძიების ფარგლებში თსსუ-ის წარმომადგენლებმა წარადგინეს როგორც პოსტერული პრეზენტაციები, ასევე ზეპირი მოხსენებები საკუთარი კვლევითი ნაშრომების საფუძველზე.

ღონისძიება თურქეთის ქალაქ სეფერიჰისარში 24–27 ოქტომბერს ჩატარდა.

თსსუ-ის ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობა აღნიშნულ კონფერენციაში უნივერსიტეტის საერთაშორისო აქტივობების განმტკიცების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც თსსუ-ის სამეცნიერო-საგანმანათლებლო მისიას ახალ განზომილებაში ავითარებს.