აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო თეატრის „აზდაკის ბაღის“ სპექტაკლი თსსუ-ის სცენაზე

თსსუ-ის თეატრალურ დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა „აზდაკის ბაღი“ მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი — „მე ვხედავ მზეს“ — წარუდგინა. 

სპექტაკლის მოქმედება ვითარდება გურიის ერთ-ერთ სოფელში მეორე მსოფლიო ომის წლებში. წარმოდგენა ასახავს ადამიანური თანადგომისა და სიყვარულის ისტორიას, რომელიც სიდუხჭირესა და გასაჭირში იმედის შენარჩუნების საშუალებას აძლევს ადამიანს. 

წარმოდგენაში მონაწილეობს 21 მსახიობი, მათ შორის 14 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და 7 პროფესიონალი მსახიობი. 

სპექტაკლი წარმოაჩენს თეატრის ინტეგრირებულ მიდგომას და ხაზს უსვამს მისი საქმიანობის სოციალურ მნიშვნელობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ უნიკალური კულტურული სივრცეა, რომელიც განსაკუთრებული სტატუსითა და ინოვაციური ინტეგრაციული მიდგომით გამოირჩევა, რომელსაც  მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს. 

სპექტაკლის მუსიკალურ და სამხატვრო მიმართულებას ხელმძღვანელობს მაესტრო ბაჩო გაბრუაშვილი.