თსსუ-ში რადიოლოგიის განვითარების 130 წლისთავთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა „რადიოლოგიის წარმატებული განვითარების 130 წლისთავთან“ დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა სესიები, მასტერკლასები და პოსტერული პრეზენტაციები, რომლებიც მიეძღვნა რადიოლოგიის, ნეირორადიოლოგიის, ინტერვენციული მედიცინისა და რადიაციული უსაფრთხოების მნიშვნელოვან მიღწევებს. მონაწილეებს შორის იყვნენ წამყვანი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები.

კონფერენცია გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა:

„დღეს აღინიშნება მნიშვნელოვანი დღე – რენტგენის სხივების აღმოჩენიდან 130 წელი. ეს აღმოჩენა რევოლუციური იყო მედიცინაში და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამ სფეროს განვითარებას. დღეს უნივერსიტეტი მასპინძლობს საპატიო სტუმრებს.თითოეული თქვენგანი პროფესიულად დაკავშირებულია ამ საიუბილეო აღმოჩენასთან. მინდა გისურვოთ წინსვლა და წარმატება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყოველთვის ცდილობს გაამდიდროს საუნივერსიტეტო ცხოვრება, ამიტომ ყოველთვის მივესალმებით მსგავს კონფერენციებს, სადაც მონაწილეები განიხილავენ მრავალმხრივ მნიშვნელოვან საკითხებს.“

კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი. სიტყვით გამოსვლისას მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ სესიაზე, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს დაეთმო.  ბაია კვიციანის განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა და მისი სწორად გამოყენება მედიცინის განვითარებაში რევოლუციურ წინსვლას უზრუნველყოფს.

„მადლობა კონფერენციის ორგანიზატორებს და თსსუ-ის რექტორს მასპინძლობისთვის. სასიხარულოა, რომ ამ სფეროში უახლოეს პერიოდში იგეგმება მრავალი წარმატებული რეფორმა, რაც კიდევ უფრო განავითარებს ჩვენს ქვეყანას ამ დარგში. გარდა ამისა, მსგავსი კონფერენციების შედეგები განსაკუთრებულად ღირებულია – ისინი ხელს უწყობს საერთაშორისო კავშირების გამყარებას და ახალი ინიციატივების დაგეგმვას. განსაკუთრებით მიხარია, რომ ერთ-ერთი სესია ხელოვნურ ინტელექტს ეძღვნება. მგონია, რომ მედიცინის განვითარებაში ერთ-ერთი რევოლუციური წინსვლა სწორედ ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენება იქნება.“

კონფერენციის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის მედიცინისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ:

„მადლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, კონფერენციის ორგანიზატორებსა და დამსწრეებს, რომლებმაც თავდადებით განაგრძეს 130 წლის წინ აღმოჩენილი საქმე. მეცნიერებამ პროგრესული გზით უნდა იაროს, ეს ვალდებულება კი დღევანდელმა პროფესორებმა და ახალგაზრდა თაობამ აიღეს საკუთარ თავზე მომავლის შესაქმნელად. ვუსურვებ თითოეულ მათგანს წარმატებას და ახალ მიღწევებს.“

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა: 

გულმკერდის მაღალტექნოლოგიური რადიოლოგიური კვლევების ალგორითმები; 

ნეირორადიოლოგიის თანამედროვე სტრატეგიები; 

•  რადიაციული უსაფრთხოების გამოწვევები თანამედროვე მედიცინაში; ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის პრაქტიკული გამოყენება;

მაღალი ტექნოლოგიური რადიოლოგიის გავლენა თანამედროვე მედიცინაზე; 

ინტერვენციული რადიოლოგიისა და ონკოლოგიური მკურნალობის თანამედროვე მეთოდები; 

პრაქტიკული ალგორითმები დიაგნოსტიკურ და ინტერვენციულ რადიოლოგიაში. 

მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სესიას „ხელოვნური ინტელექტი რადიოლოგიაში“, სადაც მომხსენებლებმა ისაუბრეს უახლეს მიდგომებსა და გამოწვევებზე. გარდა ამისა, კონფერენციის მონაწილეები დაესწრნენ Hands-On მასტერკლასებს, მათ შორის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის, TAP ბლოკისა და პერკუტანული ინტერვენციების ტრენინგებს.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი მოიცავდა შედეგებისა და რეკომენდაციების შეჯამებას. 

როგორც რადიაციული უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტმა, ირაკლი თორთლაძემ აღნიშნა, კონფერენცია მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების გაცნობისთვის, არამედ პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო კავშირების გასაძლიერებლად.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, გაცნობითი შეხვედრები გამართა: პროფესორ ერჯან კოჯაკოჩთან (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რადიოლოგი, სტამბოლი, თურქეთი), ასევე, ტაშკენტის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ონკოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის კათედრის პროფესორ იულდუზ ხოჯიბეკოვასთან.

შეხვედრებზე განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები.

საერთაშორისო კონფერენცია ორგანიზებული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს რადიაციული უსაფრთხოების ასოციაციის მიერ.