მეცნიერების დღე თსსუ-ში – ლექცია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მეცნიერების დღის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში“, რომელიც წაიკითხა თსსუ-ის პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა.

ლექცია, რომელიც განკუთვნილი იყო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის, მიზნად ისახავდა თანამედროვე მეცნიერების მიღწევების გაცნობას, განსაკუთრებით - ხელოვნური ინტელექტის როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენას სამედიცინო სფეროში.

პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა ისაუბრა იმ მიმართულებებზე, სადაც ხელოვნური ინტელექტი უკვე წარმატებით გამოიყენება როგორც სამეცნიერო კვლევებში, ისე პრაქტიკულ მედიცინაში. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმ ინოვაციურ პროექტებზე და დეპარტამენტებში დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რომლებიც ხელს უწყობს სწავლის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესების გაუმჯობესებას.

ლექციის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაავადებების მართვაში, ინოვაციური ალგორითმების დანერგვა, სამედიცინო მანიპულაციების ოპტიმიზაცია და ინოვაციური ონლაინ პლატფორმების როლი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრაქტიკული მაგალითები - როგორ ამარტივებს ხელოვნური ინტელექტი მედიკოსთა მუშაობას და რამდენად ზრდის გადაწყვეტილებების სიზუსტესა და ეფექტიანობას.

ღონისძიება დასრულდა დისკუსიით, სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს სამედიცინო განათლებაში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და ამ მიმართულების განვითარების პერსპექტივებზე.