თსსუ-ის სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო უძველესი ქართული საკრავის აღდგენაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავიანთი ნიჭითა და კულტურულ და საზოგადოებრივ აქტივობებში აქტიური ჩართულობით. აღნიშნულის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია მედიცინის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, თსსუ-ის სიმღერისა და ცეკვისა სახალხო ანსამბლის წევრი დიმიტრი ქარჩავა. მან შეისწავლა თითქმის ყველა ქართულ-ხალხურ ინსტრუმენტზე დაკვრა.  მათი უმრავლესობა შეიძინა, ხოლო აჭარულ ჭიბონსა და ლარჭემს თავად ამზადებს. ,, ლარჭემი  არის უძველესი მეგრული სასულე საკრავი, რომელიც დავიწყებას იყო მიცემული. ჩვენს კუთხეში თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი ფლობს ამ ინსტრუმენტს. დაახლოებით ოთხი წლის წინ დავიწყე მასალების შეგროვება, შევისწავლე მისი დამზადების წესი, შევიმუშავე სარტყლის განასკვის მეთოდი, შევადგინე ტემპერირებული წყობის ფორმულირებული ზომები.  საბოლოოდ, აღვადგინე  საკრავი და რამდენიმე ძველი მელოდია“- აღნიშნავს დიმიტრი.
რამდენიმე დღის წინ  ზუგდიდის ფოლკლორის სახლს ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქალბატონი კელი დეგნანი ესტუმრა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებას. ელჩმა მოგზაურობა სამეგრელოს რეგიონიდან დაიწყო.  მასპინძლებმა სტუმრებს მეგრული ფოლკლორის ნიმუშები წარუდგინეს. დიმიტრიმ ელჩს ლარჭემი გააცნო. ,,ლარჭემის ჰარმონია სხვა ქართული საკრავებს შორის გამორჩეულია, სწორედ ეს გახდა მსოფლიოს ლიდერი ქვეყნის ელჩის აღტაცების მიზეზი. ელჩს ვესაუბრე ლარჭემის ისტორიის შესახებ, მას მოვუყევი, რომ ეს იყო მწყემსების საკრავი. ელჩს მოვასმენინე ძველი მეგრული მელოდიები, რომელიც საექსპედიციო მასალებიდან გავარჩიე პანდემიის დროს. ისინი მეტად ორიგინალური და მელოდიურია, გამორჩეულია მთელ ქართულ ფოლკლორში. ეს არის უცხო და არქაული მუსიკა, რომელიც ვერასდროს ჩაივლის აღტაცების და ოვაციების გარეშე“-განაცხადა დიმიტრიმ. შეხვედრის დასასრულს, ქალბატონმა კელი დეგნანმა დიმიტრი ქარჩავას სამახსოვროდ ამერიკის საელჩოს მედალი გადასცა.
დიმიტრი ქარჩავა მომავალშიც აქტიურად გეგმავს  მივიწყებული ფოლკლორული ნიმუშების აღმოჩენასა და აღდგენას. ის აღნიშნავს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი, რათა, რა თქმა უნდა, გარდა აკადემიური პროცესისა, მოხდეს სტუდენტის მაქსიმალური ჩართვა სტუდენტურ ცხოვრებასა და კულტურულ აქტივობებში.