თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ხათუნა თოდაძემ და მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პირდარა ნოზაძემ მონაწილეობა მიიღეს ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმში — EQAF 2025, რომელიც 12–14 ნოემბერს ქ. ბუდაპეშტში (უნგრეთი), კორვინუსის უნივერსიტეტში გაიმართა.
2025 წლის ფორუმის ძირითადი თემა - „ხარისხის უზრუნველყოფა კრიზისის დროს — სტაბილურობის, ავტონომიისა და საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა“ იყო.
ღონისძიების ფარგლებში, თსსუ-ის დელეგაციამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: „ვირტუალური ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (vOSCE) დანერგვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში“ (ავტორები: ი. ნატროშვილი, ხ. თოდაძე, ი. მანჯავიძე, პ. ნოზაძე, ნ. კილაძე, მ. ოკუჯავა). მოხსენება მოიცავდა როგორც კვლევის შინაარსის, ასევე მისი შედეგებისა და პრაქტიკული მნიშვნელობის განხილვას. სტატია სრულ ფორმატში გამოქვეყნდება EQAF-ის ოფიციალურ ჟურნალში.
სესიას უძღვებოდა უნიბასკის — ბასკეთის უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის — საერთაშორისო პროექტების მენეჯერი, პროფესორი ევა ფერნანდეს დე ლაბასტიდა ამურიო.
ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების მდგრადობაზე და მათი ოპერატიული რეაგირების უნარზე სხვადასხვა ტიპის კრიზისულ გარემოებებში. მრავალფეროვანი პრეზენტაციები და სამუშაო სესიების მნიშვნელოვანი ნაწილი მიეძღვნა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს — ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებსა და შეზღუდვებს სწავლა-სწავლების პროცესსა და ხარისხის კულტურის განვითარებაში.
EQAF წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ყოველწლიურ პლატფორმას, სადაც ევროპის და სხვა ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები განიხილავენ ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში არსებულ გამოწვევებს, ინოვაციებსა და აქტუალური საკითხებს. ასევე პლატფორმა ეთმობა საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებას.