ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ზემო აჭარაში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახების წევრებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდა თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო კარანაძე.
აქცია მიმდინარეობდა ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში, ასევე შუახევის მუნიციპალიტეტში. მომსახურება გაეწია ქედაში, შუახევსა და ხულოში მცხოვრებ ბენეფიციარებს. შემოწმებები მოიცავდა ოფთალმოლოგიურ, კარდიოლოგიურ და ზოგადი პროფილის კვლევებს, მათ შორის: ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, დერმატოლოგის და ოჯახის ექიმის უფასო კონსულტაციებს, ელექტროკარდიოგრაფიას, გულის, მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ექოსკოპიას, ასევე კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებს.
თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად აქციაში მონაწილეობდნენ აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისა და ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა -” საქართველოს“ მედპერსონალი, ასევე, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის ექიმები.
საერთო საქველმოქმედო-სამედიცინო ღონისძიების ფარგლებში, სამედიცინო მომსახურება მიიღო 200-ზე მეტმა პირმა, მათ შორის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკას - ‘’საქართველოს’’ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში 8 წლის განმავლობაში თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა და ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ - ‘’საქართველომ’’ ჯამში 36 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს. ამ პერიოდში მათ 4568 ბენეფიციარს გაუწიეს კვალიფიციური დახმარება.