თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი ნანა მებონია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ქ. ვარშავაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნანა მებონია მონაწილეობდა ევროპის ერთ-ერთ  პრესტიჟულ სამეცნიერო კონფერენციაში — ინფექციურ დაავადებათა გამოყენებითი ეპიდემიოლოგია (ESCAIDE 2025), რომელიც ქალაქ ვარშავაში (პოლონეთი) გაიმართა.

კონფერენციის პროგრამა მოიცავდა პლენარულ სხდომებს, თემატურ პარალელურ სესიებსა და პოსტერული პრეზენტაციების ტურებს. ფორუმზე განხილულ იქნა ფართო სპექტრის საკითხები, მათ შორის:

- გლობალური ეპიდზედამხედველობის თანამედროვე მოდელები;

- „ერთიანი ჯანმრთელობის“ (One Health) მიდგომები;

- ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და თანასწორობის საკითხები;

- თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების როლი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში.

ფორუმზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებული მზარდი საფრთხეები ითხოვს არა მხოლოდ კვლევით საქმიანობას, არამედ კოორდინირებულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ჩარევებს, რომლებიც აერთიანებს ადამიანების, ცხოველებისა და გარემოს ჯანმრთელობის ურთიერთდამოკიდებულებას. მონაწილეებმა, ასევე განიხილეს ინკლუზიურობის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპების მნიშვნელობა დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის პოლიტიკაში.

ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების სესიაზე — „ხელოვნური ინტელექტი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში: აჟიოტაჟი თუ დახმარება?“ — განხილული იყო ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობაში: ეპიდაფეთქებების დროული გამოვლენა, რეალურ დროში მონაცემთა ანალიზი, რისკების შეფასება. ამავე დროს, ხაზგასმით აღინიშნა მონაცემთა საიმედოობის, გამჭვირვალობისა და ექსპერტული ზედამხედველობის აუცილებლობა.

კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა ხმელთაშუა შავი ზღვის ქვეყნების ინტერვენციული ეპიდემიოლოგიის სწავლების პროგრამის MediPIET-ის მე-6 კოჰორტის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია. საქართველო MediPIET-ის ორწლიან პროგრამაში 2015 წლიდან მონაწილეობს და უკვე ჰყავს ოთხი კურსდამთავრებული. ESCAIDE 2025-ზე საკუთარი სასწავლო პროგრამა წარმატებით დაასრულა მეხუთე რეზიდენტმა — ტატა იმნაძემ.

აღსანიშნავია, რომ ნანა მებონია 2022–2024 წლებში MediPIET-ის სამეცნიერო კოორდინატორი იყო ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში, სადაც ხელმძღვანელობდა ბალკანეთის რეგიონის რეზიდენტებს (სერბეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია).

ასოცირებულმა პროფესორმა ნანა მებონიამ ღონისძიებაზე მონაწილეობა ასე შეაფასა:

„კონფერენციამ მომცა შესაძლებლობა შევხვედროდი ჩემს ყოფილ რეზიდენტებს, გამეცნო მათი პროფესიული ზრდა და წარმატებები. განსაკუთრებით საამაყო იყო ქართველი რეზიდენტის -  ტატა იმნაძის გამოშვების ცერემონიაზე დასწრება, რომლის ნაციონალური ხელმძღვანელიც გახლდით მე. 

ზოგადად, გლობალიზაციის, კლიმატის ცვლილებების, მიგრაციისა და ეკოლოგიური დისბალანსის პირობებში, სადაც ინფექციური დაავადებების საფრთხეები მუდმივად ტრანსფორმირდება, ESCAIDE-ის მსგავსი ფორუმები წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის პლატფორმას ცოდნის გაზიარებისთვის, ეპიდზედამხედველობის სტრატეგიების განახლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის“ .

კონფერენცია ტრადიციულად ორგანიზებული იყო ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) მიერ და 2025 წლის 19 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით  მიმდინარეობდა.