თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ტრადიციულად მასპინძლობს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ მოვლენას — თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალს „ნიღაბი 2025“, რომელიც უკვე მრავალი წელია წარმატებით აერთიანებს სხვადასხვა უნივერსიტეტის თეატრალურ დასებს.
ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი:
„მოხარული ვარ, რომ ფესტივალის ტრადიცია, რომელიც 2012 წელს დაიწყო, დღესაც წარმატებით გრძელდება. რა თქმა უნდა, მომავალშიც ვიზრუნებ ამ ფესტივალის განვითარებაზე, რადგან თეატრისადმი ისეთივე დამოკიდებულება და სიყვარული მაქვს, როგორიც აქ შეკრებილ საზოგადოებას. თეატრი ფანტასტიკური ხელოვნებაა — უნიკალური სივრცე, რომელსაც ვერაფერი და ვერავინ ჩაანაცვლებს. განსაკუთრებულად სასიხარულოა, რომ წლევანდელ ფესტივალს ორი ახალი მონაწილე ჰყავს, მათ შორის დასი იტალიიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ფესტივალის მნიშვნელობასა და მზარდ პოპულარობას. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყოველთვის მხარს დაუჭერს როგორც ჩვენი სტუდენტური თეატრის, ისე ფესტივალის განვითარებას.“
ფესტივალის პირველი დღე კავკასიის უნივერსიტეტმა გახსნა სპექტაკლით “უსახელო ვარსკვლავი”
ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტის თეატრალური დასები მაყურებელს მრავალფეროვანი სტილისა და ჟანრის სპექტაკლებს წარუდგენენ, რაც ღონისძიებას ნამდვილი შემოქმედებითი დღესასწაულის სახეს აძლევს.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს ნიკოლოზ წულუკიძის მასტერკლასს სტუდენტებისთვის.
წარმოდგენებს შეაფასებს პროფესიონალთა კომპეტენტური ჟიური, რომელიც გამარჯვებულებს რამდენიმე ნომინაციაში გამოავლენს.
- ეკა მჟვანაძე — ჟიური თავმჯდომარე, მსახიობი;
- ნინელი ჭანკვეტაძე — მსახიობი;
- ნიკა ჩიკვაიძე — რეჟისორი;
- ნინო გაჩეჩილაძე — მსახიობი;
- გუგა ქაცარავა — მსახიობი;
- თემიკო ჭიჭინაძე — მსახიობი;
- გიორგი სიხარულიძე — რეჟისორი;
- მარიამ როინიშვილი — მსახიობი;
- აპოლონ კუბლაშვილი - მსახიობი;
- ვიკა კალანდია - მსახიობი.
ფესტივალი, ტრადიციულად, ემსახურება სტუდენტური შემოქმედების პოპულარიზაციას, თეატრალური ხელოვნების მნიშვნელობის გაძლიერებასა და უნივერსიტეტებს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებას.
თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალის „ნიღაბი 2025“ საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2025 წლის 16 დეკემბერს.
ფესტივალის წარმოდგენებზე დასწრება თავისუფალია.