თსსუ-ის პროფესორები სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის ევროპის სექციის რეგენტთა შეხვედრაზე მიუნჰენში

თსსუ-ის ვიცე-რექტორი, ბავშვთა და მოზარდთა ყბა-სახის ქირურგიისა და ქირურგიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე მიუნჰენში, სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (ICD) ევროპის სექციის რეგენტთა შეკრებასა და საბჭოს სხდომას დაესწრნენ.

თსსუ-ის პროფესორებმა შეხვედრები გამართეს დისტრიქტის რეგენტებთან - უმაღლესი სამედიცინო სკოლების დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან  და პროფესორებთან, რომლებიც წარმოადგენენ ევროპის სექციას. რეგენტთა შეკრებაზე მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სტომატოლოგიის მიმართულებით უნივერსიტეტების გამოცდილება, განიხილეს სასწავლო პროგრამები და მიმოიხილეს სტუდენტთა ჩართულობის მნიშვნელობა.

რეგენტთა საბჭოს სხდომაზე - პროფესორმა მარინა მამალაძემ წარადგინა ანგარიში საქართველოს დისტრიქტში ICD-ის ეგიდით გაწეული საქმიანობის შესახებ. სხდომაზე განიხილეს ახალგაზრდა სტომატოლოგების აქტივობების გაზრდის შესაძლებლობები, მათ შორის ჰუმანიტარულ ღონისძიებებში ჩართვა და საერთაშორისო კონგრესებში მონაწილეობის შესაძლებლობები. 

ევროპის სექციის პრეზიდენტმა, მაურო ლაბანკამ, სტუდენტების სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის კონგრესებში მონაწილეობის ხელშეწყობის გამარტივებულ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც ბორდის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

შემდეგი საბჭოს სხდომა 2026 წლის ნოემბერში, ბარსელონაში გაიმართება, ხოლო ICD-ის 69-ე კონგრესი 2026 წლის 2-5 ივლისს, მილანში ჩატარდება.