თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთში, ქალაქ ლუბლინში, სადაც მონაწილეობა მიიღო ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის 75-ე იუბილეს, ინგლისურენოვანი სამედიცინო განათლების 30-ე წლისთავისა და საერთაშორისო აკადემიური კვირეულის – „November of Novelty“ („სიახლეების ნოემბერი“) ფარგლებში დაგეგმილ საზეიმო და საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
ვიზიტის ძირითადი მიზნები იყო:
• პარტნიორი უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობა და ინსტიტუციური ურთიერთობების გაძლიერება;
• საერთაშორისო აკადემიური კვირეულის ფარგლებში თანამედროვე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების გაცნობა;
• ინგლისურენოვანი სამედიცინო განათლების განვითარების გამოცდილების გაზიარება;
• ასევე არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ერთობლივი პროექტების, მათ შორის გაცვლითი პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინიციატივების პერსპექტივების განხილვა.
ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის წარმომადგენლები შეხვდნენ ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, კანცლერს, ადმინისტრაციულ და აკადემიურ ხელმძღვანელ პირებს. შეხვედრაზე განიხილეს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის გაფართოების შესაძლებლობები, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების (ინგლისურენოვანი მოდულების ჩათვლით) განვითარება, ასევე სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობა და ერთობლივი საგრანტო განაცხადების მომზადება.
დელეგაციის წევრებმა ასევე დაათვალიერეს უნივერსიტეტის კლინიკური და სასწავლო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საუნივერსიტეტო კლინიკები, სასწავლო ლაბორატორიები და კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი.
თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი სრულად დაფინანსდა ევროკავშირის Erazmus+ საგრანტო პროექტის ფარგლებში.
თსსუ-ის დელეგაციის შემადგენლობა:
• თსსუ-ის კანცლერი - ალექსანდრე ბუაჩიძე;
• თსსუ-ის რექტორის აპარატის უფროსი, ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი - ირინა კაპეტივაძე;
• თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი - ნინო ცხვედიანი.