NAFSA-ს გლობალური სამიტი, რომელსაც ქალაქი ტანჟერი (მაროკო), 19-23 იანვარს მასპინძლობდა, დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტმენტის უფროსის მოადგილეს სალომე ვორონოვს ოფიციალური შეხვედრები ჰქონდათ NAFSA-ს აღმასრულებელ დირექტორთან - ფანტა აუსთან და NAFSA -ს პრეზიდენტთან აჰმად ეზედიზესთან. მხარეებმა შეხვედრებზე განიხილეს საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერების შესაძლებლობები, აკადემიური მობილობის განვითარების გზები და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ახალი ფორმატები.
NAFSA-სთან ერთად სამიტს მასპინძლობდა ხმელთაშუაზღვის ამერიკული კოლეჯი / ამერიკული უნივერსიტეტების ინსტიტუტი.
NAFSA-ს გლობალური სამიტი - მთავარი თემით: „მომავლისთვის მზაობა ცივილიზაციების გზაგასაყარზე“ - განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემების ადაპტაციასა და სტრატეგიულ ხედვებზე გლობალური გამოწვევების პირობებში.
მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსიები და სესიები, რომელთა მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება, გლობალური ხედვების ჩამოყალიბება და ახალი სტრატეგიული მიმართულებების განხილვა.
თსსუ-ის მონაწილეობა NAFSA-ს გლობალურ სამიტში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესებში და მის მზაობას, გააძლიეროს თანამშრომლობა გლობალურ აკადემიურ სივრცეში.