თსსუ-ის და „ექთანთა გაერთიანების“ ახალი ერთობლივი პროექტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და „ექთანთა გაერთიანება“, ორწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში პირველ ერთობლივ პროექტს იწყებს.

პროექტი ითვალისწინებს თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ინოვაციური, სამდონიანი (სტრატეგიული, ტაქტიკური, ოპერაციული) საექთნო სამსახურებრივი სტრუქტურის - საექთნო სამსახურის შექმნას, რომლის მიზანი მენტალური ჯანმრთელობის სფეროში — ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის მიმართულებით პაციენტზე ორიენტირებული, უსაფრთხო და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საექთნო მომსახურების გაწევაა.

აღნიშნული სტრუქტურა სრულად შეესაბამება ეროვნულ რეგულაციებსა და საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს საექთნო პრაქტიკის მაღალ ხარისხსა და პაციენტის უსაფრთხოებას. 

საექთნო სამსახურმა უკვე დაიწყო თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის კლინიკისთვის ექთნების შერჩევის პროცესი. დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით: 

info@nof.ge

ტელ: +995 555 49 10 24 - რუსა მეცხოვრიშვილი

მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში შექმნილი საექთნო სამსახური უზრუნველყოფს უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD) სისტემას, რომელიც მოიცავს:

სამთვიან სასწავლო ციკლებს

კლინიკურ და პროფესიულ სუპერვიზიას

სპეციალიზებულ კურსებს მენტალური ჯანმრთელობის სფეროს – ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის მიმართულებით

აღნიშნული მიდგომა ექთნებისთვის პროფესიული ზრდის, ლიდერული უნარების განვითარების და თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვისთვის  რეალურ შესაძლებლობას ქმნის.

თსსუ-სა და ‘’ექთანთა გაერთიანების’’ ერთობლი პროექტი ეფუძნება საექთნო რეგულაციების უახლეს ცვლილებებს და მიზნად ისახავს თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკის ინტეგრირებას საქართველოში, განსაკუთრებით მენტალური ჯანმრთელობის სფეროში – ფსიქიატრიასა და ნარკოლოგიაში.