თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისია.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა და ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ირინე იმერლიშვილმა.
ოფიციალურ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თსსუ-ის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ სანიკიძე და ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი მაკა ბულეიშვილი.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, რაც მოიცავს სტუდენტების თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებას, აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ინიციატივების შემუშავებას.