თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველსემესტრელი სტუდენტების თეთრი ხალათებით შემოსვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
პროგრამის ყოველწლიური ცერემონია თსსუ-ში წელს მე-14 ჩატარდა. თეთრი ხალათებით შემოსვა სტუდენტებისთვის სამედიცინო პროფესიული გზის ოფიციალურ დასაწყისს აღნიშნავს და მედიცინის ეთიკურ და პროფესიულ ღირებულებებზე მომავალი ექიმების პასუხისმგებლობის ხაზგასმას ემსახურება.
ცერემონიას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტების ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები.
ცერემონიის პირველი ნაწილი სიტყვით გამოსვლებს დაეთმო. თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა სტუდენტებს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის მნიშვნელოვან როლს სამედიცინო განათლების განვითარებაში.
„თქვენი გზა მედიცინაში მარტივი არ იქნება. იგი მოითხოვს დიდ შრომას, უწყვეტ სწავლას და მრავალი გამოწვევის გადალახვას. თუმცა გახსოვდეთ - თეთრი ხალათი, რომელსაც დღეს იცვამთ, პასუხისმგებლობის, ჰუმანიზმისა და იმედის სიმბოლოა.
თქვენ ხართ მომავალი ექიმები - ადამიანები, რომლებიც სხვებისთვის იმედის მატარებლები იქნებიან. მომავალ ექიმებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ საზოგადოების წინაშე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიიღოთ ხარისხიანი განათლება და პროფესიული მხარდაჭერა. გისურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვან გზაზე“, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
პირველსემესტრელებს სტუდენტობა მიულოცა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ეკალაძემ. როგორც მან აღნიშნა - თეთრი ხალათი არა მხოლოდ აკადემიური მიღწევის სიმბოლოა, არამედ პასუხისმგებლობის, ჰუმანიზმისა და პროფესიონალიზმის.
„თსსუ-ის მისიაა აღზარდოს ექიმები, რომლებიც მაღალ სამეცნიერო ცოდნას აერთიანებენ ეთიკურობასთან და პაციენტზე ორიენტირებულ ზრუნვასთან ერთად. ამერიკული MD პროგრამის არჩევით თქვენ გააკეთეთ გააზრებული გადაწყვეტილება. ამ არჩევანს თან ახლავს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა - მედიცინის უმაღლესი ღირებულებების მუდმივი ერთგულება. თქვენს აკადემიურ გზაზე გვერდში დაგიდგებათ ძლიერი, გამოცდილი და ერთგული აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდი“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას პროგრამის ხელმძღვანელმა.
განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ღონისძიების მეორე ნაწილი. პირველსემსეტრელი სტუდენტებმა თეთრი ხალათები მოირგეს, როგორც პროფესიული სიმბოლო. სტუდენტები თეთრი ხალათებით შემოსეს თსსუ-ის რექტორმა და თსსუ-ის აკადემიურმა პერსონალმა.
თეთრი ხალათების ცერემონია ტრადიციულად ფიცის დადებით დასრულდა.