თსსუ მასპინძლობს Horizon Europe-ის სამდღიან ტრენინგს ქართველი მკვლევრებისთვის და დოქტორანტებისთვის

თსსუ-ში დოქტორანტებისა და მკვლევრებისთვის სამდღიანი ტრენინგი დაიწყო, რომელსაც  ‘’ჰორიზონტი ევროპის’’ საქართველოს ეროვნული ოფისი ატარებს. 

შეხვედრას უძღვებიან ევროპელი ექსპერტები, მატიას ვურჩი და სანდერ ვან დერ მოლენი, რომლებიც მონაწილეებს ასწავლიან, როგორ მოამზადონ ეფექტიანი პროექტები და შექმნან კონსორციუმები.

ღონისძიება მოიცავს პრეზენტაციებს, ჯგუფურ სამუშაოს ორ მცირე ჯგუფში, ასევე ექსპერტების შეფასებებს უკვე მომზადებულ პროექტებზე.

როგორც თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა აღნიშნა, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო აძლიერებს აკადემიურ ქსელს, ქმნის ინოვაციურ გარემოს და ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას. მისივე თქმით, ამ ტიპის სამუშაო ტრენინგებში ჩართულობა ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას და ერთობლივი პროექტების შექმნას.

ტრენინგში თსსუ-ის გარდა, მონაწილეობენ სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრაზე ‘’ჰორიზონტი ევროპის’’ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა ლევან ხეცურიანმა აღნიშნა, შეხვედრას უკვე დიდი გამოხმაურება აქვს – დარეგისტრირდა 100-ზე მეტი აპლიკანტი. 

მისი თქმით, მაღალი ინტერესის გამო გადაწყდა, რომ სექტემბერში დაიგეგმოს კიდევ ერთი ტრენინგი. გარდა ამისა, ლევან ხეცურიანის განცხადებით, Horizon Europe-ის ოფისი გეგმავს სხვა აქტივობების განხორციელებასაც, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს კვლევისა და ინოვაციის მხარდაჭერა.

სამუშაო შეხვედრა თსსუ-ში 4 თებერვალს დასრულდება.