თსსუ-მ პროფესიული ღვაწლისა და წვლილისთვის ემერიტუს პროფესორებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა

ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 6 თებერვალს გაიმართა პროფესიული შეხვედრა. ღონისძიება მიზნად ისახავდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების, ასევე სხვადასხვა სამედიცინო დარგის ღვაწლმოსილი და დამსახურებული სპეციალისტების დაჯილდოებას და მათი ღვაწლის აღნიშვნას.

შეხვედრა ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველი ნაწილი დაეთმო კონფერენციას, რომელიც მიეძღვნა თემას: „თანამედროვე პედიატრიის აქტუალური საკითხები“. შეხვედრაზე დამსწრე სპეციალისტებმა განიხილეს თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკის მიღწევები, გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები პედიატრიის დარგში.

ღონისძიების მეორე ნაწილი ორგანიზატორებმა მიუძღვნეს თემას „ღვაწლმოსილი და დამსახურებული მეან-გინეკოლოგების, ნეონატოლოგებისა და პედიატრების ავტოგრაფი“. ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, რაც გამოხატავდა უნივერსიტეტის მხრიდან პროფესიული ღვაწლის და წვლილის აღიარებას.

ღონისძიებაში მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი და თსსუ-ის თეატრი ‘’ჰიგია’’, რომლებმაც განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნეს.