თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ დიდბარიძემ და ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ელენე პაჭკორიამ მიმდინარე წლის 2–3 თებერვალს, ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში, ევროპის ინფექციურ დაავადებათა კლინიკური კვლევების ალიანსის (Ecraid) ყოველწლიურ სამეცნიერო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, როგორც ორგანიზაციის წევრებმა საქართველოდან.
ორდღიანი სამეცნიერო ფორუმი დაეთმო ევროპაში ინფექციური დაავადებების მართვისა და კლინიკური კვლევების თანამედროვე სტრატეგიებს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მწვავე რესპირატორული და საშარდე გზების ინფექციების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალ მეთოდებზე, ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლის საკითხებზე და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე პროტოკოლებზე. ასევე განიხილეს საერთაშორისო კვლევითი პლატფორმების (Ecraid, RECOVERY-EU) როლი და მონაცემთა ეპიდემიოლოგიური ანალიზის მნიშვნელობა ეფექტიანი ჯანდაცვის პოლიტიკისა და პანდემიური მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.
სამუშაო შეხვედრები ჩატარდა როგორც სამუშაო ჯგუფების დახურულ ფორმატში, ასევე ღია სესიების სახით. თსსუ-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კლინიკური კავშირების საბჭოს დახურულ სხდომაშიც, სადაც შეფასდა ორგანიზაციის საგრანტო პროექტების შუალედური შედეგები და განხილულ იქნა სხვადასხვა ქვეყნის მზაობა მიმდინარე კვლევით პროექტებში ჩართვისთვის.
შეხვედრის ფარგლებში თსსუ-ის წარმომადგენლები დაინტერესდნენ მესამე ფაზის კლინიკური კვლევის (YV44878 Zosurabalpin, Roche) განხილვით, რომლის მიზანია ზოსურაბალპინის ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და ფარმაკოკინეტიკის შეფასება Acinetobacter baumannii-calcoaceticus კომპლექსით ინფიცირებულ პაციენტებში.
მათი განმარტებით, დეტალურად გაეცნენ კვლევის პროტოკოლს და დააფიქსირეს საქართველოდან თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მასში ჩართვის სურვილი და მზაობა. როგორც თსსუ-ის პროფესორებმა აღნიშნეს, ამ ეტაპზე პროცესთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები.