თსსუ-ში ფაკულტეტების კვირეულის მეორე დღე ფარმაციის ფაკულტეტს დაეთმო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფაკულტეტების კვირეულის მეორე დღე ფარმაციის ფაკულტეტს მიეძღვნა. კვირეულის მიზანია სტუდენტებისთვის პროფესიული მიმართულებების გაცნობა, მათთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზება.

ფარმაციის ფაკულტეტის დღის ფარგლებში უნივერსიტეტის სივრცეში სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომლებშიც აქტიურად იყვნენ ჩართული თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტები.

დღის ერთ-ერთი მთავარი აქტივობა იყო შემეცნებითი ლექცია თემაზე – „სტრესმედეგობა და მაგნიუმის როლი ადამიანის ორგანიზმში“, რომელსაც უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი და საერთაშორისო ქოუჩი ეკა ფრუიძე. ლექციაზე  განხილული იყო სტრესის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, სტრესთან გამკლავების თანამედროვე მიდგომები და მაგნიუმის მნიშვნელობა ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ფარმაციის ფაკულტეტის დღის ფარგლებში უნივერსიტეტის ეზოში ასევე მოეწყო სხვადასხვა თემატური სტენდი. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ფარმაცევტულ პროდუქტებს, მიკროსკოპების გამოყენებით დაეთვალიერებინათ სხვადასხვა პრეპარატის შემადგენლობა, წარმოდგენილი იყო აპიელის სტენდი, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ფარმაცევტული პრაქტიკის შესახებ. სტუდენტების ჩართულობის გაზრდის მიზნით გაიმართა სახალისო გათამაშებებიც, რამაც ღონისძიებას დამატებითი ინტერაქტიული ხასიათი შესძინა.

ფაკულტეტების კვირეული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 9 მარტს დაიწყო. კვირეული თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში სპეციალური დღე უნივერსიტეტის თითოეულ ფაკულტეტს ეძღვნება.