თსსუ-ში მედიცინის ფაკულტეტის დღე გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფაკულტეტების კვირეულის ფარგლებში მედიცინის ფაკულტეტის დღე გაიმართა, რომელიც მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის პროფესიული მიმართულების უკეთ გაცნობა, პრაქტიკული უნარების განვითარება და აკადემიურ სივრცეში ინტერაქტიული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

მედიცინის ფაკულტეტის დღის ფარგლებში უნივერსიტეტში სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ დონაციაში და საკუთარი წვლილი შეეტანათ სიცოცხლის გადარჩენაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხარდაჭერისთვის. აქციის განხორციელება უზრუნველყო ბათუმის სისხლის ბანკმა - აიპპ „ჰემა-2024“.

ამავე დღეს გაიმართა ინტერაქციული შეხვედრა თემაზე „მედიცინის სადარაჯოზე“, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალო დიალოგში ჩართულიყვნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და მოესმინათ მათი პროფესიული გამოცდილება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: 

თსსუ-ის პროფესორი თინათინ ტყემალაძე – ექიმი გენეტიკოსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი და მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

პროფესორი რუსუდან რუხაძე – თსსუ-ის ვიცე-რექტორი და ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 

პროფესორი თინათინ ჩიქოვანი – თსსუ-ის რექტორის თანაშემწე და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა შემეცნებითი და ინტერაქტიული აქტივობაც, მათ შორის: გამოწვევა „გამოიცანი ძვალი“, შემოქმედებითი შეჯიბრი, კლინიკური ქეისების განხილვა, ტრავმის ქეისის ჩვენება და სიმულაციური გათამაშება.

ღონისძიებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა პრაქტიკული აქტივობების, პროფესორებთან შეხვედრისა და დისკუსიების საშუალებით კიდევ უფრო გაეღრმავებინათ ინტერესი მედიცინის სფეროს მიმართ და უკეთ გაცნობოდნენ პროფესიული განვითარების პერსპექტივებს.