ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ კომენიუსის უნივერსიტეტის (ბრატისლავა, სლოვაკეთი) მედიცინის ფაკულტეტის მედიცინის ტერმინოლოგიისა და უცხოური ენების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორები - რადოსლავ დურაიკა და ანგელა შკოვიეროვა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან. შეხვედრისას, მათ სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია სლოვაკეთის სამედიცინო განათლების სისტემის შესახებ, ასევე განიხილეს მედიცინის ფაკულტეტზე სწავლებასთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური მიდგომები და სპეციალური პრაქტიკები, რომლებიც გამოიყენება კომენიუსის უნივერსიტეტში. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.
სტუმრებს თსსუ-ში შეხვდნენ უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე; საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი თინათინ კილასონია; Erasmus+ ინსტიტუციური კოორდინატორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ნინო კანდელაკი; ასევე უცხოური ენების ცენტრის ადმინისტრაცია. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა, ასევე, მოინახულეს თსსუ-ის სიცოცხლის მუზეუმი.