სასამართლო ანთროპოლოგიის პროექტი, რომელიც თსსუ-ში ხორციელდება ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის გამარჯვებულია

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულად გამოცხადდა პროექტი სახელწოდებით: „აჭარის რეგიონში 1937–1938 წლებში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა იდენტიფიცირება: აღდგენის, დოკუმენტირებისა და იდენტიფიცირების ქართული პროექტი“, რომელიც ხორციელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ბაზაზე არსებული სასამართლო ანთროპოლოგიის ლაბორატორიაში, საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის (GAFA) თანამონაწილეობით. 

პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში 1937-1938 წლების საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა იდენტიფიცირება თანამედროვე სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით და მათი ღირსეული დაკრძალვის უზრუნველყოფა. 

პროექტის ხელმძღვანელია ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასამართლო ანთროპოლოგიის ცენტრის პროფესორი ნიკოლას ჰერმანი. პროექტის კოორდინატორია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი.

პროექტის ახალგაზრდა მეცნიერთა გუნდის შემადგენლობაში არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის პედაგოგი და საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის (GAFA) პრეზიდენტი მერი გონაშვილი, თეა თაყნიაშვილი - საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის (GAFA) თანადამფუძნებელი და ბუბა ჩაჩხიანი - საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის (GAFA) თანადამფუძნებელი.