თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროექტი ‘’თსსუ-ის ელჩები’’ გრძელდება - თსსუ-მ მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განაგრძობს სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ პროექტს „თსსუ-ის ელჩები“.  

პროექტის ფარგლებში ამჯერად, უნივერსიტეტმა მე-60 საჯარო სკოლის IX - X  კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.

თსსუ-ში სტუმრობისას მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები და აუდიტორიები. 

მოსწავლეები ეწვივნენ სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმს, სადაც დაათვალიერეს უნიკალური  ექსპონატები, ემბრიოლოგიური პრეპარატები და ანთროპოლოგიური მულაჟები. გაეცნენ მუზეუმთან არსებულ ინტერაქტიულ კუთხეს, სადაც მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია დნმ-ის გამოყოფის პროცესის შესახებ.

პროექტის ‘’თსსუ-ის ელჩების’’ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის  კლინიკური უნარებისა და სიმულაციური ცენტრში ჩატარდა ტრენინგი, რომელიც მოიცავდა, როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ აქტივობებს. ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს პირველადი დახმარების აღმოჩენისა და რეალურ სიტუაციებში გამოყენების უნარები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკული ტრენინგის დროს ინსტრუქტორების დახმარებით განეხორციელებინათ მულაჟებზე და მანეკენებზე სასიცოცხლო ნიშნების განსაზღვრა და შეფასება. მოსწავლეები მულაჟების დახმარებით დაეუფლნენ უცხო სხეულის ამოგდების ტექნიკას, გაეცნენ სხვადასხვა მანიპულაციების ჩატარების წესებს (ბაზისური სასიცოცხლო ალგორითმი, გადაუდებელი დახმარების ჩატარება სისხლდენების და ტრავმების დროს და  ნახვევების  დადება).  აქტივობა დასრულდა ვიქტორინით, სადაც მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოსცადეს.

მოსწავლეები ასევე ესტუმრნენ უნივერსიტეტის ლაბორატორიებს, სადაც აქტიურად ჩაერთვნენ სხვადასხვა ლაბორატორიულ აქტივობებში, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქიმიურ ექსპერიმენტებში, გაეცნენ სამედიცინო კვლევის პროცესსა და სწავლების სპეციფიკას, რამაც მოსწავლეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.

თსსუ-ში სტუმრობა მოსწავლეებისთვის მამოტივირებელი, ინპირაციული, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, საინტერესო და ინფრომაციული აღმოჩნდა.  როგორც მათ უკუკავშირის დროს აღნიშნეს, ტრენინგებმა და პრაქტიკულმა აქტივობებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მათი პრაქტიკული უნარების განვითარებაში. 

„ვგრძნობ, რომ მედიცინა უფრო ხელშესახები გახდა და ახლა უკეთ მესმის, რა გზას უნდა გავყვე“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მოსწავლემ.

პროექტის ‘’თსსუ-ის ელჩები’’ ფარგლებში სკოლის მოსწავლეები  ჩაერთნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კონკურსში „ჩემი თვალით დანახული თსსუ“. კონკურსის პირობების მიხედვით მოსწავლეები თსსუ-ში სტუმრობიდან სადაც 10 დღის განმავლობაში წარადგენენ ნამუშევრებს. კონკურსში გამარჯვებულები მიიღებენ „თსსუ-ის ელჩების“ სტატუსს.

პროექტი „თსსუ-ის ელჩები“ უნივერსიტეტმა 2026 წლის 11 მარტიდან დაიწყო. პროექტი, რომელიც განკუთვნილია სკოლის მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასების მოსწავლეებისთვის, მიზნად ისახავს მათ უკეთ გააცნოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მიაწოდოს ინფორმაცია უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ და დაანახოს მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს მრავალფეროვანი პროფესიული მიმართულებები. პროექტი ხელს უწყობს იმასაც, რომ მოსწავლეებმა პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევისას მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, ინიციატივა ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანმრთელობის, ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს მოსწავლეებს და მოუთმენლად ელოდება  შეხვედრებს ახალ მეგობრებთან.