უფსალას უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორ ნიკ ბრაუნის სამდღიანი ტრენინგი დასრულდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში წარმატებით დასრულდა სამდღიანი ტრენინგი, რომელიც  სამეცნიერო სტატიების მომზადების პროცესში თანამედროვე მიდგომების გაცნობას, კვლევის სწორ ფორმულირებას, დიზაინის დაგეგმვასა და მონაცემთა ანალიზის ოპტიმიზაციის უნარების განვითარებას მიეძღვნა.

სამდღიან ტრენინს შვედეთის უფსალას უნივერსიტეტის  პროფესორი, პედიატრი და ეპიდემიოლოგი ნიკ ბრაუნი უძღვებოდა. ინტენსიური ტრენინგის თემა იყო:  „Manuscript writing: asking the right question, optimizing your design and analysis“.

ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო მონაწილეთა უნარების გაღრმავება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა კვლევის სწორი კითხვების ფორმულირება, ეფექტიანი კვლევითი დიზაინის შერჩევა და მონაცემთა ანალიზის ოპტიმიზაცია. პროფესორმა ნიკ ბრაუნმა დეტალურად განიხილა, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მკაფიო და მიზანმიმართული კვლევითი კითხვა, რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს კვლევის დიზაინი და როგორ შეიძლება მონაცემთა ანალიზის სწორად დაგეგმვა საბოლოო შედეგების სანდოობის უზრუნველსაყოფად.

ტრენინგში მონაწილეობდნენ თსსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის უცხოენოვანი პროგრამების ხელმძღვანელები, დოქტორანტები, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებების წარმომადგენლები და აკადემიური პერსონალი, რომელთა ნაწილიც მომავალში თავად ჩაატარებს მსგავს ტრენინგებს, რაც ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გავრცელებას უნივერსიტეტის აკადემიურ სივრცეში და გააძლიერებს სამეცნიერო კვლევის კულტურას.

შვედი პროფესორი ნიკ ბრაუნი ვიზიტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს  შეხვდა. შეხვედრა მეგობრულ და საქმიან ატმოსფეროში გაიმართა, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ და ერთობლივი ძალისხმევით განახორციელონ მნიშვნელოვანი პროექტები.