საერთაშორისო კონფერენცია თსსუ-ში: „ლაბორატორიული მედიცინის სწავლების მეთოდოლოგიისა და კლინიკური პრაქტიკის თანამედროვე ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ლაბორატორიული მედიცინის სწავლების მეთოდოლოგიისა და კლინიკური პრაქტიკის თანამედროვე ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები“.

28 მარტს გამართული ღონისძიება ორგანიზებული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაციის (MDLM) და ი. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მიერ. კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ლაბორატორიული მედიცინის განათლების, საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე კლინიკური პრაქტიკის აქტუალური საკითხები.

კონფერენციაზე ქართველ კოლეგებთან ერთად მოხსენებებით წარდგნენ საერთაშორისო სპეციალისტები, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება და თანამედროვე მიდგომები გაუზიარეს მონაწილეებს.

კონფერენცია მოიცავდა ორ ძირითად სესიას და გამოირჩეოდა ინტერდისციპლინარული თემატიკით. სესიები დაეთმო ლაბორატორიული მედიცინის სწავლების თანამედროვე მიდგომებს, მის მნიშვნელობას და დანერგვის გზებს კლინიკურ პრაქტიკაში.

ძირითადი პროგრამის პარალელურად გაიმართა ახალგაზრდა მკვლევართა კონფერენციაც, რომელმაც ხელი შეუწყო ახალგაზრდა სპეციალისტების სამეცნიერო აქტივობის მხარდაჭერას და გამოცდილების გაზიარებას. ღონისძიების დასასრულს მონაწილეები პანელური დისკუსიის ფორმატში აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა პრაქტიკული შემთხვევების განხილვაში.

კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაციის გაწევრიანებას კლინიკური ქიმიისა და ლაბორატორიული მედიცინის ევროპულ ფედერაციაში.

ღონისძიების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა მოწვეული პროფესორის წოდება მიანიჭა რუმინეთის ჯორჯ ემილ პალადეს სახელობის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინოდორა დობრეანუს, რომელიც წლების განმავლობაში ნაყოფიერად თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლაბორატორიული მედიცინის დეპარტამენტთან და შესაბამის ასოციაციასთან.