თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი რომის წამყვან უნივერსიტეტებში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იტალიაში, კერძოდ, რომის ტორ ვერგატასა (Tor Vergata) და საპიენცას (Sapienza) უნივერსიტეტებში იმყოფებოდა. ვიზიტის მთავარ მიზანს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, საერთაშორისო მობილობის გაფართოება და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: თსსუ-ის რექტორის აპარატის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ირინა კაპეტივაძე; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი თინათინ კილასონია და ერაზმუს+ ინსტიტუციური კოორდინატორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ნინო კანდელაკი.

რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტში წინასწარ შეთანხმებული სამუშაო პროგრამის ფარგლებში არაერთი ოფიციალური შეხვედრა და მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა. რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრებს ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის წამყვანი პირები, მათ შორის: რექტორის წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში - პროფესორი ბიანკა სულპასო; საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი - დამიანო პინაკიო; ფარმაციის მიმართულების კოორდინატორი - პროფესორი ლაურა დი რენცო; კვლევისა და ტექნოლოგიების მიმართულების კოორდინატორი - ფრანჩესკა დომინიჩი და Erasmus+ მობილობის ოფისის კოორდინატორი - დოქტორი ფედერიკა ჯაკომი.

მოლაპარაკებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობას დაეთმო. ტორ ვერგატას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ინიციატივით, განიხილება თსსუ-სთან ერთად ახალი, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება. აღსანიშნავია, რომ იტალიურ უნივერსიტეტს მსგავსი პროგრამების განხორციელების წარმატებული გამოცდილება აქვს. ქართულმა დელეგაციამ გამოთქვა მზადყოფნა, აღნიშნული საკითხი თსსუ-ის რექტორსა და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან დეტალურად განიხილოს.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს  Erasmus+ blended mobility-ის (ვირტუალური და ფიზიკური მობილობის კომბინაცია) ფორმატზე, რამაც ორივე მხარის დიდი ინტერესი გამოიწვია და გამოცდილების გაზიარების მიზნით კონკრეტული გეგმები დაისახა.

ვიზიტის ფარგლებში მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მკაფიო დასტურია: 2026 წლის შემოდგომის სემესტრიდან, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის სამი სტუდენტი რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტში 5-თვიან მობილობას განახორციელებს.

ამასთანავე, სამეცნიერო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების ადგილზე განსაზღვრის მიზნით, დაიგეგმა კვლევისა და ტექნოლოგიების მიმართულების კოორდინატორის საპასუხო ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ასევე, განიხილეს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის მობილობის გაფართოების შესაძლებლობები.

ტორ ვერგატას გარდა, თსსუ-ის დელეგაცია მიწვეული იყო რომის საპიენცას უნივერსიტეტში - ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს და მრავალსაუკუნოვანი აკადემიური ტრადიციების მქონე საგანმანათლებლო კერაში.

დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრა გამართა აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო სტუდენტთა მობილობის ინტერნაციონალიზაციისა და არაევროკავშირის ქვეყნებთან მობილობის განყოფილების ხელმძღვანელთან, დოქტორ გრაცილა გალიიონესთან და მის მოადგილესთან, მარტინა ვიძანისთან

შეხვედრის მთავარ მიზანს მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის მობილობის ახალი შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენდა. 

ეს ვიზიტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის გზაზე, რაც ქართველ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების ახალ პერსპექტივებს უხსნის.