თსსუ-ის დელეგაცია ჰელსინკში (ფინეთი)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ჰელსინკში (ფინეთი).

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: თსსუ-ის სტომატოლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჯახველაძე, აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე ნინო ტყეშელაშვილი, ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი და სტომატოლოგიის ფაკულტეტის რეზიდენტები - ელენე ქაჯაია და თეკლა აბუაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში, თსსუ-ის წარმომადგენლები ეწვივნენ ჰელსინკის სამედიცინო უნივერსიტეტს, სადაც ისინი გაეცნენ უნივერსიტეტის თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურას, მათ შორის სიმულაციურ ცენტრებსა და აუდიტორიებს. უნივერსიტეტის ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორმა Antti Kämppi-მ თსსუ-ის რეზიდენტებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე — „სწავლების თანამედროვე მეთოდები სტომატოლოგიურ განათლებაში“, რომლის ფარგლებშიც განხილული იყო სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და განვითარებული საგანმანათლებლო მიდგომების საკითხები.

თსსუ-ის წარმომადგენლები ჰელსინკში კომპანია „საპარუსისა“ და ფინური კომპანიის Planmeca-ის მიწვევით იმყოფებოდნენ. თსსუ-ის დელეგაციას კომპანია Planmeca-ს პრეზიდენტმა Heikki Kyöstilӓ-მ გააცნო კომპანიის საგანმანათლებლო ხედვა და განვითარების სტრატეგია. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს კომპანიის საწარმოო ინფრასტრუქტურა, გაეცნენ სტომატოლოგიური აპარატურის აწყობისა და ტესტირების პროცესებს, ასევე მოინახულეს მზა პროდუქციის საგამოფენო სივრცე. თსსუ-ის რეზიდენტები სტომატოლოგიური სიმულატორების მუშაობის პრინციპებს გაეცნენ და პრაქტიკული ტრენინგებიც გაიარეს. 

მხარეებმა განიხილეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და კომპანია Planmeca-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. 

Planmeca გლობალურ ლიდერია სტომატოლოგიური დანადგარებისა და სადიაგნოსტიკო სისტემების წარმოების სფეროში, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურის მიმართულებით, რომელიც ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში. კომპანიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საგანმანათლებლო საქმიანობა, რაც მოიცავს უნივერსიტეტების უზრუნველყოფას თანამედროვე სტომატოლოგიური სიმულატორებითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემებით.

აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა 2026 წლის 7–9 აპრილს.