თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში - „კვლევებიდან შედეგებამდე - პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“.
კონფერენცია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ ორგანიზებით 20 აპრილს, თბილისში, ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტის, ანტონიო კამპინოსის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
კონფერენციამ გააერთიანა სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გადაცემის საკითხები განიხილეს.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტმა ანტონიო კამპინოსიმ, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ და ხავიერ სეუბამ EPO-ის აკადემიის მთავარმა დირექტორმა ხავიერ სეუბამ.
ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი.
კონფერენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა პანელური დისკუსია „უნივერსიტეტების მენეჯმენტის სტრატეგიული ხედვა კვლევის, ინოვაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“, რომლის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს ორ ძირითად თემაზე: უნივერსიტეტების როლი ინოვაციის ეკოსისტემაში და ინოვაციები, როგორც ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალა. დისკუსიის ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტების როლს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში, კვლევის შედეგების კომერციალიზაციასა და ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიან მართვას. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა თსსუ-ის ვიცე რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე. პროფესორმა სოფიო ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების როლზე უნივერსიტეტის აკადემიური და ეკონომიკური გავლენის გაძლიერებაში. მან დამსწრეებს გაუზიარა კონკრეტული მაგალითები, სადაც ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიანმა გამოყენებამ მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები გამოიღო - მათ შორის, სტუდენტური ინიციატივების განვითარებაში, კვლევის შედეგების კომერციალიზაციასა და სამედიცინო ინოვაციური პროექტების განხორციელებაში.
პანელური დისკუსიის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ინსტიტუციური მმართველობის მოდელები, კვლევის სტრატეგიული განვითარება, ტექნოლოგიების გადაცემის მექანიზმები და ინოვაციური ინფრასტრუქტურის - ტექნოლოგიების გადაცემის ოფისების, ჰაბებისა და კვლევითი ცენტრების მნიშვნელობა. შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ კონფერენციამ ხელი შეუწყო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და უნივერსიტეტებს შორის ეფექტიანი პარტნიორობის ფორმირებას, რაც მომავალში ინოვაციური იდეების რეალურ შედეგებად გარდაქმნას კიდევ უფრო გააძლიერებს.