თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ნეიროგანვითარების დარღვევების გენეტიკის მე-20 შეხვედრაში, რომელიც ქალაქ ტროინაში (იტალია) გაიმართა.
პლენარულ სესიაზე თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ წარადგინა ზეპირი მოხსენება თემაზე: „იშვიათი და ულტრა-იშვიათი დაავადებები საქართველოს გენეტიკურ იზოლანტებში - კვლევის წინასწარი შედეგები“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ გენეტიკისა და ბავშვთა ნევროლოგიის დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ღონისძიების სესიები მოიცავდა ისეთ თემატიკებს, როგორიცაა: ცერებრული დამბლის გამომწვევი გენეტიკური დარღვევები; ნეიროგანვითარების შეფერხების გამომწვევი გენეტიკური დარღვევები; აუტიზმის გენეტიკური და ეპიგენეტიკური მიზეზები; მყიფე X სინდრომის მკურნალობის ასპექტები; ეპილეფსია და კორტიკალური მალფორმაციები; ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფენოტიპირებისა და დიდი მონაცემების დამუშავებაში; ასევე ნეიროგანვითარების შეფერხებით მიმდინარე სინდრომების ეპიგენეტიკა და სხვა მიმართულებები.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საერთაშორის დარგის სპეციალისტებთან და დაისახა სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები, განსაკუთრებით ცერებრული დამბლისა და გენეტიკის მიმართულებით, რაც მიზნად ისახავს საქართველოს უფრო აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.