თსსუ-ში სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის ტრენინგი სხვადასხვა სამედიცინო სკოლების წარმომადგენლებისთვის გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „სამედიცინო განათლების მეთოდოლოგია“, რომელიც განკუთვნილი იყო  სხვადასხვა  სამედიცინო სკოლების წარმომადგენლებისთვის.  საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც 20-24 აპრილს ჩატარდა, მიზნად ისახავდა თანამედროვე სწავლების მიდგომების, სტრატეგიებისა და შეფასების ეფექტიანი მეთოდების გაცნობას და პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სამედიცინო განათლების თანამედროვე ტენდენციები, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მოდელები, კლინიკური კომპეტენციების განვითარებაზე მიმართული მეთოდები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინოვაციური სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენებას.

მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ისეთი მიმართულებების შესახებ, როგორიცაა: ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსების დაგეგმვა და განხორციელება, ცოდნის შეფასების თანამედროვე მიდგომები; პრობლემაზე და კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლების (PBL და CBCR) მეთოდოლოგია; აკადემიური წერის პრინციპები და კვლევითი აქტივობის განვითარების შესაძლებლობები; სამეცნიერო გრანტების მომზადება; შეფასების თანამედროვე ინსტრუმენტები, მათ შორის ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) მეთოდოლოგია; განათლების გლობალური გამოწვევები და ცვლილებების მართვა; სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მიდგომები; ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლებასა და შეფასებაში; ტესტური დავალებების დიზაინი; მოზრდილთა განათლების პრინციპები; კომუნიკაციის უნარები, პროფესიონალიზმი და ეფექტური პროფესიული ურთიერთობა.