თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროექტი „თსსუ-ის ელჩები“ გრძელდება.
27 აპრილს უნივერსიტეტმა ქართველ იუნკერთა სახელობის ქ.თბილისის 52-ე საჯარო სკოლის IX, X და XI კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.
მოსწავლეები გაეცნენ თსსუ-ს სასწავლო გარემოს, დაათვალიერეს სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი, მონაწილეობა მიიღეს კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის პრაქტიკულ ტრენინგებში, სადაც მოსწავლეებმა მიიღეს პირველადი დახმარების აღმოჩენისა და რეალურ სიტუაციებში გამოყენების უნარები. მოსწავლეები მულაჟების დახმარებით დაეუფლნენ უცხო სხეულის ამოგდების ტექნიკას, გაეცნენ სხვადასხვა მანიპულაციების ჩატარების წესებს.
გარდა ამისა, ფარმაცევტული ფაკულტეტის დეპარტამენტების ლაბორატორიებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქიმიურ ექსპერიმენტებში, გაეცნენ სამედიცინო კვლევის პროცესსა და სწავლების სპეციფიკას.
დღის აქტივობები დასრულდა ვიქტორინით, სადაც მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოსცადეს.
.პროექტის ‘’თსსუ-ის ელჩები’’ ფარგლებში სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კონკურსში „ჩემი თვალით დანახული თსსუ“. კონკურსის პირობების მიხედვით, მოსწავლეები თსსუ-ში სტუმრობიდან 10 დღის განმავლობაში წარადგენენ ნამუშევრებს. კონკურსში გამარჯვებულები მიიღებენ „თსსუ-ის ელჩების“ სტატუსს.
პროექტი „თსსუ-ის ელჩები“ უნივერსიტეტმა 2026 წლის 11 მარტიდან დაიწყო. პროექტი, რომელიც განკუთვნილია სკოლის მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასების მოსწავლეებისთვის, მიზნად ისახავს მათ უკეთ გააცნოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მიაწოდოს ინფორმაცია უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ და დაანახოს მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს მრავალფეროვანი პროფესიული მიმართულებები. პროექტი ხელს უწყობს იმასაც, რომ მოსწავლეებმა პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევისას მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება.
გარდა ამისა, ინიციატივა ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანმრთელობის, ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს მოსწავლეებს და მოუთმენლად ელოდება შეხვედრებს ახალ მეგობრებთან.