პროფესორ რუსუდან ბერიაშვილის ვიზიტი ბულგარეთში „ERASMUS+“ პროგრამის ფარგლებში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი 20-24 აპრილს იმყოფებოდა ბულგარეთში, პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტში, „ERASMUS+“ პროგრამის ფარგლებში ლექციების წასაკითხად.

აკადემიური მობილობა განხორციელდა პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინისა და დეონტოლოგიის დეპარტამენტში.

ვიზიტის ფარგლებში ინგლისურენოვანი უცხოელი და ბულგარელი სტუდენტებისთვის ჩატარდა ლექციები შემდეგ თემებზე: სტამბოლის პროტოკოლი და წამების შემთხვევების ეფექტური სამედიცინო დოკუმენტირების პრინციპები; წამების მეთოდები და მათი სამედიცინო მტკიცებულებები; დაზიანების სახეები და მათი დოკუმენტირების პრინციპები.

სტუმრობის  ფარგლებში  გაცნობითი შეხვედრები გაიმართა პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინისა და დეონტოლოგიის დეპარტამენტში, ასევე გაბროვოს სამედიცინო კლინიკის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში. მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და დასახეს ერთობლივი აკადემიური და პროფესიული საქმიანობის განვითარების გეგმები.