თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული ფესტივალის - “სტუდფესტი 2026”- საზეიმო გახსნის ცერემონიაში, რომელიც ქალაქ რუსთავში ჩატარდა. ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით. გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, მათ შორის: შვიდკაცა რაგბი, ძიუდო, ნარდი, შაში და ჭადრაკი. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო უნივერსიტეტების საზეიმო მსვლელობა რუსთავის პარკის მიმართულებით, სადაც ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა.
სტუდენტური ფესტივალი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ახალგაზრდულ ღონისძიებად ითვლება საქართველოში. ყოველწლიურად მასში მონაწილეობას იღებს ქვეყნის თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის რამდენიმე ათასი სტუდენტი, რაც ფესტივალს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ფესტივალის მთავარი მიზანია ახალგაზრდებისთვის ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ განვითარებას, თანამშრომლობის გაძლიერებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გუნდური მუშაობის წახალისებასა და მოხალისეობრივი ინიციატივების მხარდაჭერას.
სტუდენტური ახალგაზრდული ფესტივალი აერთიანებს მრავალ მიმართულებას - სპორტულს, კულტურულს, საგანმანათლებლოს, ინტერმედიისა და მოხალისეობრივს. წელს დაგეგმილია 45 კონკურსი და შეჯიბრი, რომლებიც თანაბრად მოიცავს როგორც სპორტულ, ისე კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებს.
2026 წლის ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა მარათონი, რომელიც 14 ივნისს თბილისში გაიმართება. ხუთკილომეტრიან დისტანციაზე სირბილში მონაწილეობას შეძლებენ არა მხოლოდ სტუდენტები, არამედ ყველა მსურველი.
კულტურული ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება, მათ შორის ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხეში და თელავში.
ფესტივალს აქვს სოლიდური საპრიზო ფონდი. გამარჯვებულები 21 ივნისს გამოვლინდებიან ფესტივალის გრანდიოზულ დახურვაზე. სპეციალური პრიზი დაწესებულია საუკეთესო გულშემატკივრისთვისაც. წლის საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლის ტიტულს კი ის უნივერსიტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ კონკურსსა და შეჯიბრში გაიმარჯვებენ.
სტუდენტური ფესტივალის პარტნიორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, რუსთავის მერია და ახალგაზრდობის სააგენტო.