თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია — „ჯანდაცვის პერსპექტივები XXI საუკუნეში“, რომელიც ოტავას ქარტიის მე-40 წლისთავსა და თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის 95 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ორდღიანი კონფერენცია ოფიციალურად გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ:
„მინდა მივულოცო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტს 95 წლის იუბილე. ფაკულტეტის მრავალწლიანი ისტორია და განვითარების უწყვეტი გზა ნათლად ასახავს მის გამოცდილებას და აკადემიურ ტრადიციებს. ამ ფაკულტეტზე ფუნქციონირებს არაერთი ძალიან წარმატებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა. აღნიშნული ფაკულტეტი ძალიან აქტიურია როგორც სამეცნიერო, ასევე აკადემიური თვალსაზრისით. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციას, Erasmus+ პროგრამებში აქტიური მონაწილეობითა და მრავალრიცხოვანი საერთაშორისო კოლაბორაციული პროექტების განხორციელებით.“
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ - ვლადიმერ კახაძემ. მან აღნიშნა თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მრავალწლიანი გამოცდილება და მისი მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით, ასევე მიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ:
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მრავალწლიან გამოცდილებასა და საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ საყრდენს ცენტრის საკადრო განვითარების მიმართულებით. სწორედ აქ ყალიბდებიან ის პროფესიონალები, რომლებიც დღეს ეროვნული ცენტრის ძლიერ გუნდს ქმნიან. ფაკულტეტის კურსდამთავრებულები აქტიურად არინ ჩართულნი ცენტრის საქმიანობაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განვითარებაში.“
ღონისძიების ფარგლებში, მოხსენებით - „ისტორია, ტრადიცია და მემკვიდერეობა“ წარდგა თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი შალვა (დავით) ზარნაძე, რომელმაც მიმოიხილა ფაკულტეტის მრავალწლიანი ისტორია, მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების ძირითადი ეტაპები, ასევე ის მნიშვნელოვანი აკადემიური და პროფესიული ტრადიციები, რომლებმაც ფაკულტეტის განვითარების პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულა.
კონფერენციის გახსნის ნაწილი ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით დისტანციურად მიმართეს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა.
გახსნის ნაწილის ბოლოს, თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიონალური მოღვაწეობისთვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების აღზრდასა და პროფილაქტიკური მედიცინის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის „მადლიერების სიგელი“ გადასცა პედაგოგებს.
კონფერენცია სამეცნიერო სესიებით გაგრძელდა. ღონისძიებამ თეატრალური დარბაზიდან თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში გადაინაცვლა, სადაც ორი დღის განმავლობაში გაიმართა როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტთა ლექციები, ზეპირი და პოსტერული მოხსენებები, მრგვალი მაგიდისა და პანელური დისკუსიები. კონფერენციის ფარგლებში, ასევე ჩატარდა სტუდენტური პოსტერული სესია, რომელშიც სტუდენტები, რეზიდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები მონაწილეობდნენ.
კონფერენციაში, რომელიც 2026 წლის 7-8 მაისს მიმდინარეობდა, მონაწილეობდნენ სტუმრები კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, რუმინეთის, ლიეტუვასა და სომხეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან და საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციებიდან.
ღონისძიება შეტანილია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ევროპული კვირეულის ღონისძიებათა ნუსხაში და მხარდაჭერილია ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების საერთაშორისო კავშირის (კანადა) მიერ.
საიუბილეო კონფერენცია საზეიმოდ დაიხურა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში, სადაც თსსუ-ის კულტურის ცენტრთან არსებული კაპელას, ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
ორდღიანი ღონისძიება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის, საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის, ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის, ჯანმრთელობის მეცნიერებებისა და გლობალური გამოწვევების ცენტრისა და საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.