თსსუ-ის დელეგაცია სევილიის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულს დაესწრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სევილიის უნივერსიტეტს (ესპანეთი) შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულების საფუძველზე, თსსუ-ის რექტორის აპარატის უფროსმა, სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, ირინა კაპეტივაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების ერაზმუს+ ოფისის კოორდინატორმა, ნინო კანდელაკმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო თანამშრომელთა კვირეულში (International Staff Week), რომელიც ორგანიზებული იყო სევილიის უნივერსიტეტის მიერ და ჩატარდა 2026 წლის 11–15 მაისს.

აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა თემატური სესიები, სადაც განხილული იყო: 

•უნივერსიტეტთა საერთაშორისო სტრატეგიები; 

•Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობები;

•სტუდენტთა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის საკითხები; 

კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრები პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის - აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლა და ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების დაგეგმვა.

საერთაშორისო თანამშრომელთა კვირეულში მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თსსუ-ის საერთაშორისო კავშირების გაძლიერებასა და Erasmus+ პროგრამის რესურსების კიდევ უფრო ეფექტურ ათვისებას.