ექთნების და მეანი ექთნების საერთაშორისო კვირეული 2026-ის დასკვნით ღონისძიებას თსსუ უმასპინძლებს

რეგიონალური კონფერენცია, თემაზე - „ტურიზმი, გადაუდებელი საექთნო მომსახურება და ადამიანური კაპიტალის რეგიონული განვითარების სტრატეგიები“ ქ. ბათუმში „ექთნებისა და მეანი ექთნების საერთაშორისო კვირეული 2026“ - ის ფარგლებში გაიმართა.

კონფერენციის მიზანია რეგიონულ და ეროვნულ დონეზე საექთნო და სამეანო პროფესიის განვითარების მხარდაჭერა, ადამიანური რესურსების გაძლიერება და ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის ხელშეწყობა, განსაკუთრებით ტურისტულ და მაღალდატვირთულ რეგიონებში. 

ღონისძიების გახსნით სესიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა საექთნო და სამეანო პროფესიის როლზე თანამედროვე ჯანდაცვის სისტემაში და პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობაზე.

კონფერენციის ფარგლებში, 32 ექთანი დააჯილდოეს. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა თსსუ-ის რექტორი.

‘’ექთნების და მეანი ექთნების საერთაშორისო კვირეული 2026“ ოთხ რეგიონულ შეხვედრას აერთიანებს. კვირეულის ფარგლებში რეგიონული კონფერენციები ბათუმის გარდა უკვე  ჩატარდა რუსთავსა და მესტიაში. კვირეულის დასკვნით ღონისძიებას კი 2026 წლის 5 ივნისს თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. 

ღონისძიება, რომელიც 2026 წლის 27 მაისს ბათუმში გაიმართა ა(ა)იპ „ექთანთა გაერთიანების“, „ავიცენა“ - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის და ბათუმის სამედიცინო აკადემიის ორგანიზებით,  ეროვნული პროფესიული პლატფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საექთნო და სამეანო პროფესიის გაძლიერებას, პროფესიული განათლების მხარდაჭერასა და თანამედროვე კლინიკური პრაქტიკის განვითარებას.

‘’ექთნების და მეანი ექთნების საერთაშორისო კვირეული 2026’’ ეფუძნება International Council of Nurses (ICN), World Health Organization (WHO) და სხვა საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ქმნის პლატფორმას, რომელიც აერთიანებს: საექთნო და სამეანო განათლებას და კლინიკურ პრაქტიკას, ჯანდაცვის სისტემის განვითარების პოლიტიკურ და სტრატეგიულ საკითხებს, რეგიონული საჭიროებების ანალიზს და გადაწყვეტის გზებს, ადამიანური კაპიტალის განვითარების თანამედროვე მიდგომებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონალური კონფერენციის შესახებ

ტელეკომპანია "რუსთავი 2" რეგიონალური კონფერენციის შესახებ