თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი მარიამ ღუღუნიშვილი და პედიატრიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ნათია ჩხაიძე Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში, პროფესიული ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდნენ.
20 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით თსსუ-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მილანო-ბიკოკას საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიული განყოფილების საქმიანობაში, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ ყოველდღიურ კლინიკურ პროცესებში და გაცნობოდნენ თანამედროვე საერთაშორისო სამედიცინო პრაქტიკას.
სტაჟირების პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პედიატრიული პაციენტების მართვის თანამედროვე მიდგომებს, ადგილობრივ კლინიკურ გაიდლაინებს, დიაგნოსტიკურ მეთოდებსა და პაციენტთა მონიტორინგის პრაქტიკას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეტაბოლური დაავადებების მიმართულებაზე.
ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ მულტი სპეციალიზირებული მუშაობის მოდელს, რომლის ფარგლებშიც რეგულარულად ხორციელდებოდა სხვადასხვა კლინიკური დეპარტამენტის სპეციალისტების კონსულტაციები. თსსუ-ის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ პაციენტთა მულტიდისციპლინურ განხილვებში.
პროფესიული მობილობის ფარგლებში თსსუ-ის ასისტენტ-პროფესორები დაესწრნენ პაციენტთა კლინიკური შემთხვევების განხილვებს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა საინტერესო კლინიკური ქეისების ანალიზს, დიაგნოსტიკური და თერაპიული სტრატეგიების შეფასებასა და თანამედროვე სამედიცინო მიდგომების განხილვას.
გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა როგორც კლინიკის ყოფილ, ისე მოქმედ დირექტორთან. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების შესაძლებლობები და საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.
ასევე, გაეცნენ პოსტდიპლომური სამედიცინო განათლების ადგილობრივ პრინციპებსა და პროფესიული განვითარების მოდელს.
როგორც თსსუ-ის ასისტენტ-პროფესორებმა ვიზიტის შეფასებისას აღნიშნეს, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროფესიული მობილობა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და სამედიცინო განათლებისა და კლინიკური პრაქტიკის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.