თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობის შედეგად სამედიცინო განათლებაში კომუნიკაციის უნარები დაინერგა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, 28 მაისს თსსუ-ში გაიმართა დასკვნითი კონფერენცია თემაზე - „ინტერპერსონალური კომუნიკაციის ინტეგრაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში“.

კონფერენციაზე, რომელიც თბილისის სახელწმიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გახსნა, განხილული იყო ინტერპერსონალური კომუნიკაციის, როგორც ძირითადი კომპეტენციის, ინტეგრაცია სამედიცინო საბაკალავრო პროგრამებში. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და პაციენტების ნდობის გაძლიერებას.

სამედიცინო საბაკალავრო პროგრამებში ინტერპერსონალური კომუნიკაციის ძირითადი კომპეტენციის სახით დანერგვა ეს არის საქართველოში სამედიცინო  განათლების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს  ერთობლივი ინიციატივა ხელს უწყობს ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და პაციენტთა ნდობის ზრდას მთელი სისტემის მასშტაბით. 

აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, თსსუმ განახორციელა სასწავლო პროგრამის მასშტაბური რეფორმა, დანერგა სწავლების თანამედროვე მეთოდები  და შექმნა კომუნიკაციაზე ორიენტირებული ახალი სილაბუსები, რომლებიც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს ეფუძნება.

ასევე გაძლიერდა აკადემიური პერსონალის მომზადება სპეციალიზებული ტრენინგებით, ხოლო კლინიკურ შეფასებებში დაემატა კომუნიკაციის უნარების შეფასების კომპონენტი.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი კულტურული ცვლილება განაპირობა თსსუ-ში. კომუნიკაცია განისაზღვრა, როგორც ძირითადი კლინიკური უნარი სამედიცინო განათლებაში — რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს პაციენტთა ჩართულობის ზრდას და ჯანდაცვის მომსახურებების, მათ შორის, იმუნიზაციის, მიმართ ნდობის გაძლიერებას.

ორგანიზატორების განცხადებით, თსსუ და UNICEF მომავალშიც განაგრძობენ თანამშრომლობას კომუნიკაციის სწავლების მიმართულებით, განსაკუთრებული აქცენტით ბავშვის უფლებებზე, შშმ პირთა ჩართულობასა და ციფრულ ჯანმრთელობაზე.