თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შიდასაუნივერსიტეტო შეჯიბრი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში, რომლის მიზანს სტუდენტებში კლინიკური აზროვნების, პრაქტიკული უნარების, გუნდური მუშაობისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების თანამედროვე სტანდარტების ცოდნის გაღრმავება წარმოადგენდა.
შეჯიბრში მონაწილე გუნდებმა წინასწარ გაიარეს სპეციალური მომზადების კურსი თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებლის, გიორგი კვიცინაძის ხელმძღვანელობით. მოსამზადებელი ეტაპი მოიცავდა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში ტიპური კლინიკური შემთხვევების განხილვას, სიმულაციურ მანეკენებზე პრაქტიკული პროცედურების შესრულებასა და დებრიფინგის სესიებს.
შიდასაუნივერსიტეტო შეჯიბრში, რომელიც ნებაყოფლობითი იყო, მონაწილეობდა ორი გუნდი, რომლებიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებით იყო დაკომპლექტებული. მონაწილეებს სიმულაციური სცენარების ფარგლებში რეალურ კლინიკურ პრაქტიკასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში უწევდათ სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება, პაციენტის მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელება.
შეჯიბრის მონაწილეები მოწვეულმა ჟიურიმ შეაფასა, ამერიკის გულის ასოციაციის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებისა და კონკრეტული კლინიკური დავალებების მოთხოვნების შესაბამისად.
შეჯიბრის გამარჯვებული გახდა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტთა გუნდი, რომელსაც ელენე ადამია ხელმძღვანელობდა.
ღონისძიების დასასრულს მონაწილე გუნდებს გადაეცათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამახსოვრო საჩუქრები და მადლობის სიგელები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი; ვიცე-რექტორი პროფესორი რუსუდან რუხაძე; იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი და კლინიკური უნარების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძე.